воскресенье, 27 января 2013 г.

დამზადებისა და შენახვის წესი


საქართველო ვაზისა და ღვინის კლასიკური ქვეყანაა, სადაც "ვენახის ჭეშმარიტი სამშობლო" ეგულებათ, სადაც ვაზ-ყურძნის უთვალავი ჯიში გამოუყვანიათ, სადაც "ისეთ ჩინებულ ღვინოს სვამენ, როგორსაც არსად", სადაც "ცოცხალია მევენახეობა-მეღვინეობის ისეთივე არქაული წესები, როგორსაც ძველი ბერძნული და რომაული თხზულებები აგვიწერენ".

ღვინის ხარისხი ვენახში იწყება


ქარხნული და ოჯახური მეღვინეობები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან, მაგრამ არსებობს ისეთი საერთო მეთოდის აუცილებლობა, როგორიცაა სისუფთავისა და ჰიგიენური პირობების დაცვა. მეღვინეობაში ჰიგიენის დაცვა ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა მაღალხარისხოვანი ღვინის მისაღებად. აღსანიშნავია ერთი გარემოება: თუ კაცი ნატურალურ ღვინოს აყენებს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ხარისხიან პროდუქტთან, რადგან, შესაძლოა, ღვინო მართლაც იყოს ნატურალური და ამასთან, ტრადიციული მეთოდებით დაყენებული, მაგრამ დასნებოვნებული იყოს და აქედან გამომდინარე, უვარგისი. აღარას ვამბობთ ღვინის ფალსიფიკაციაზე, რომელიც უკვე დიდი ხანია, სენივით მოედო ქართულ მეღვინეობას როგორც ქარხნულ, ისე ოჯახურ პირობებშიც.

იცით, როგორ დააყენოთ ნამდვილი, ქართული, ტრადიციული ღვინო?

ღვინის ხარისხი ვენახიდან იწყება. ამრიგად, ვენახისა და ყურძნის მართებული მოვლა-მოყვანა, სწორი და დროული რთველი მაღალხარისხიანი ღვინის მიღების საწინდარია. რთვლისთვის არჩევენ მშრალ, მზიან ამინდს. უმჯობესია, რთვლის დაწყება დილის 9-10 საათზე, მაშინ, როდესაც ნამი გაშრება. ამის გარდა, ამ დროს გამოირიცხება ყურძნის გადახურება, რაც იწვევს ალკოჰოლური დუღილის დროს მაღალ ტემპერატურას, ეს უკანასკნელი კი აუცილებლად უარყოფითად იმოქმედებს ღვინის ხარისხზე. წვიმიან ამინდში (ასევე ახალ ნაწვიმარზე) რთვლის ჩატარება არ შეიძლება, რადგან ყურძენს ზედმეტი წყლის გარდა, მიჰყვება მავნე მიკროორგანიზმები, რაც ასევე უარყოფითად მოქმედებს ტკბილისა და ღვინის ხარისხზე.

ყურძნის დასაკრეფად თუნუქის ვედროების ან სხვა რკინის ჭურჭლის გამოყენება არ შეიძლება, რადგან ამ დროს ყურძნის ტკბილი "მდიდრდება" თუთიითა და რკინით. საუკეთესო ვარიანტია მოწნული გოდრები, ხის ყუთები და პლასტმასის ჭურჭელი.

ყურძნის დაკრეფა-გადამუშავებისას

ხშირად მწიფე მტევანს (განსაკუთრებით, ხეივანზე) დაკრეფამდე საგრძნობლად აზიანებენ კრაზანები და სხვა მავნებელი მწერები, რომლებიც ყურძნის ფიზიკურ დაზიანებასთან ერთად, ხელს უწყობენ მომავალი ღვინის დაძმარებას და დაავადებას, რადგან გადააქვთ და ავრცელებენ ძმარმჟავა ბაქტერიებს. ამ არასასურველი პროცესის თავიდან ასაცილებლად მიმართავენ ძალზე ეფექტურ ხერხს: ხეივანზე, დაახლოებით, ყოველ 5 მეტრზე ჩამოკიდებენ ბურახით ნახევრად სავსე ბოთლებს. ბურახის სუნი მავნებლებს იზიდავს, ისინი ბოთლში ცვივიან და იხრჩობიან.

მოკრეფილი ყურძენი დაუყოვნებლივ უნდა გადამუშავდეს, ყურძნის დაყოვნება, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა, რეკომენდებული არაა. გადამუშავებამდე ყურძნის დაყოვნებას ზოგჯერ მიმართავდნენ, მაგალითად, გურიასა და იმერეთში ალადასტურის ჯიშის ვენახის რთვლის დროს: დაკრეფილ ყურძენს აწყობდნენ სპეციალურად მოწყობილ თაროებზე. რა თქმა უნდა, ამ დროს ყურძენი სრულიად საღი და დაუზიანებელი უნდა ყოფილიყო. ასეთი ხერხის გამოყენებით, ყურძენში იკლებს წყლის შემცველობა, იმატებს შაქრიანობა და უმჯობესდება მისი გემოვნური და ხარისხობრივი თვისებები. თუკი ყურძენი გადამუშავებამდე ტრანსპორტირებას საჭიროებს, იგი უნდა გადაიზიდოს ისე, რომ გამოირიცხოს მისი პირდაპირი კონტაქტი რკინასთან. ასევე, არასასურველია დამტვერიანება და მექანიკური დაზიანება, ერიდებიან მოკრეფილი ყურძნის დიდი ხნით მზეზე გაჩერებასაც. ეს ყოველივე უარყოფითად მოქმედებს საბოლოო პროდუქციის ხარისხზე.

ყურძნის დაჭყლეტვა და გამოწნეხვა

ყურძენს ჭყლეტენ სპეციალურ მექანიკურ ან ელექტრო ხელის საჭყლეტში. საჭყლეტის ის დეტალები, რომლებსაც ყურძენი უშუალოდ ეხება, რკინის არ უნდა იყოს. ერთ-ერთ საუკეთესო ვარიანტს წარმოადგენს რეზინისბორბლებიანი საჭყლეტი, რომლის გამოყენების დროს გამოირიცხება როგორც დაჭყლეტილი ყურძნის რკინით "გამდიდრება" (რაც აუარესებს ღვინის ფერსა და ხარისხს), ასევე, მარცვლის წიპწების დამტვრევა და ამის შედეგად პროდუქციის გემოს გაუხეშება და გამწარება, რაც ძალზე ხშირია. დაჭყლეტილ ყურძენს, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ტიპის ღვინო უნდათ მიიღონ, ან პირდაპირ სადუღარ ჭურჭელში მოათავსებენ, ან გამოწნეხავენ.

გამოწნეხის პროცესი საქართველოში ტრადიციულად საწნახელში მიმდინარეობდა. საქართველოში გავრცელებული ყოფილა ქვითკირის, ხის მორისაგან ან ფიცრებისგან დამზადებული საწნახლები. უპირატესობა ცაცხვის ხისგან დამზადებულ საწნახელს ენიჭებოდა, რადგან ცაცხვი არის მსუბუქი მასალა, დიდხანს ძლებს და არ გააჩნია რაიმე გარეშე სუნი ან გემო, რაც უარყოფითად იმოქმედებდა ღვინის ხარისხზე.

ყურძნის საწნახელში დაწურვა დღეს უკვე იშვიათობას წარმოადგენს, ხოლო ყურძნის საბოლოო გამოწნეხა ძირითადად კუსტარულ წნეხში ხდება, რომელიც თავისი რკინის დეტალების გამო აუარესებს ღვინის ხარისხს, რადგან ყურძნის ტკბილი და შემდგომში ღვინო, როგორც ზემოთ ითქვა, მდიდრდება რკინით, უარესდება პროდუქციის ფერი და იწყება მისი შებურვა. ამიტომ უპირატესობა უჟანგავი ლითონის დეტალებიან წნეხებს ენიჭება.

შემდეგი და ძალზე მნიშვნელოვანი პროცესია ალკოჰოლური დუღილი. ოპტიმალურ პირობებში იგი დაახლოებით 7-14 დღე გრძელდება (მძაფრი და წყნარი დუღილი). შეიძლება ითქვას, რომ ამ პროცესის დროს დაშვებულ შეცდომას (დუღილის პროცესის უკონტროლოდ ჩატარებას) გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვება და ხშირად საქმე ღვინის გაფუჭებით მთავრდება. ალკოჰოლური დუღილი მთლიანად უნდა კონტროლდებოდეს და იმართებოდეს. ღვინის ხარისხის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, დუღილის პროცესმა თანაბრად და შეუჩერებლად უნდა ჩაიაროს. ხშირია შემთხვევა, როდესაც დუღილის პროცესი მის დასრულებამდე ჩერდება და ღვინო დაუდუღებელი რჩება, რასაც, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზები აქვს. აღსანიშნავია, რომ თეთრი ღვინო რაც უფრო დაბალ ტემპერატურაზე დაიდუღებს (დაახლოებით 8/12 გრადუსი _ "ცივი დუღილი"), მით უფრო არომატული გამოდის, მაგრამ ამ დროს დიდია დუღილის შეჩერების რისკი. ასევე, დაბალი ტემპერატურის გამო, დუღილის პერიოდი შეიძლება თვე-თვენახევარი გაგრძელდეს, რის დროსაც, შესაძლოა, ღვინო დაავადდეს (დაძმარება და სხვა).

ოჯახურ პირობებში შეჩერებული დუღილის ბოლომდე მიყვანა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ყველა ღონე უნდა გამოიძებნოს იმისათვის, რომ ალკოჰოლური დუღილის პროცესმა ოპტიმალურად ჩაიაროს და გამორიცხული იყოს ისეთი ელემენტარული შეცდომები, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია. კერძოდ: დუღილის პროცესი შეიძლება შეაჩეროს მაღალმა (30 გრადუსზე ზემოთ) ან დაბალმა (10 გრადუსზე ქვემოთ) ტემპერატურამ. ზედმეტად მაღალ ან დაბალ ტემპერატურაზე საფუარების აქტივობა ნელდება ან წყდება. ასევე აბრკოლებს დუღილს ყურძნის ძალზე მაღალი შაქრიანობა, ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა და სხვ. დუღილის ოპტიმალურ ტემპერატურად მიიჩნევენ 23 გრადუსს. ალკოჰოლური დუღილის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა უჰაერობაც იყოს. ხალხში გავრცელებული აზრი, თითქოს მინის ბოცებზე დუღილის პროცესში ჰაერის ბუშტების გაკეთების დროს ღვინო გაზიანი და შუშხუნა დადგება, უსაფუძვლო და მცდარია. პირიქით, ადგილი, სადაც სპირტული დუღილი მიმდინარეობს კარგად უნდა ნიავდებოდეს, რადგან დუღილის დროს გამოიყოფა ჯანმრთელობისათვის მავნე გაზები, ხოლო ბოლომდე დაუდუღებელი ღვინო მასში შაქრების არსებობის გამო, დაბალალკოჰოლიანი და მღვრიე გამოდის, ამის გარდა ასეთ ღვინოში დიდია დაავადების (დაძმარება და სხვა) გაჩენის რისკი.

ღვინის მოვლა და შენახვა

ახლად დადუღებული ღვინის ჭურჭელი ბოლომდე უნდა გადაივსოს, ხოლო ღვინო თავდაპირველად ხშირად უნდა გადაიღონ, მაგრამ, მაგალითად, კახურ, ქვევრში ჭაჭაზე დადუღებულ ღვინოს ზოგ შემთხვევაში თავისსავე ჭაჭაზე ადრე გაზაფხულამდეც კი ტოვებენ, რასაც, რა თქმა უნდა, აქვს დადებითი მხარეები: ვინაიდან ქვევრში ღვინო ჭაჭასთან დიდხანსაა შეხებაში, მიმდინარეობს ღვინის ბუნებრივი სტაბილიზაცია და ფერის დაწმენდა, რასაც ქარხნულ პირობებში ესაჭიროება გაწებვა (რომელიც ემსახურება ღვინის გაწმენდას), ფილტრაცია და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების დამატება. ამის გარდა, ჭაჭიდან ღვინოში გადადის უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერება, ვიდრე ევროპულად დაყენების შემთხვევაში. ამგვარი ღვინო უფრო სტაბილურია, იღებს სასიამოვნო მუქ ოქროსფერ-ჩალისფერ შეფერილობას, ძალზე გამჭვირვალეა და დიდხანსაც ინახება. საერთოდ, ლექს ახასიათებს გახრწნა, რაც თავისთავად ცუდად მოქმედებს ღვინის ხარისხზე. მადუღარ არეს, თუკი საქმე გვაქვს კახური ღვინის დაყენებასთან (ჭაჭაზე დუღილი), ესაჭიროება დარევა. ჭაჭას ურევენ დღეში მინიმუმ სამჯერ-ხუთჯერ. ეს ოპერაცია ემსახურება მადუღარი არის ზედაპირზე ამოტივტივებული ჭაჭის ("ქუდის") ჩარევას და ამით გამოირიცხება ამოტივტივებული ჭაჭის დაჟანგვა, დაძმარების პროცესის დაწყება და ღვინის ხარისხის გაუარესება. თუკი დუღილის პროცესში აერაცია და გარკვეული რაოდენობის სითბო დადებითად მოქმედებდა მადუღარ არეზე, დუღილდამთავრებულ ღვინოს ესაჭიროება ჰერმეტულობა და შენახვის დაბალი ტემპერატურა (ქარხნულ პირობებში ღვინოს ინახავენ არა უმეტეს 14-15 გრადუსისა). ღვინის შენახვისას ძალზე მნიშვნელოვანია დაბალი ტემპერატურა; ამისათვის ზამთრის პირველი სიცივეები ძალზე ხელსაყრელია ღვინისთვის, რისთვისაც ხშირად, ქარხნებში ყინვების დროს, საცავის კარებსა და ფანჯრებს დიდი ხნით ღიას ტოვებენ. ღვინის გადაღების პროცესში ჭურჭლის კედლებსა და ფსკერზე შევამჩნევთ კრისტალებს, რომელთაც ღვინის ქვა ეწოდება. ეს კრისტალები ღვინოში არსებული მჟავების მარილებია. ღვინის ქვა სიცივის ზემოქმედებით გამოიყოფა და ეს პროცესი დადებითად მოქმედებს ღვინის ხარისხზე, კერძოდ, მისი გამოლექვის დროს ღვინოს სცილდება ზედმეტი მჟავიანობა, ფერი უფრო წმინდა, ხოლო მისი გემო უფრო ჰარმონიული ხდება. ჭურჭლის შიდა ზედაპირზე გამოლექილი ღვინის ქვა სითბოების დადგომისას ნაწილობრივ კვლავ გაიხსნება ღვინოში და აამღვრევს მას, ასე რომ, ღვინის ქვა დაცლილ ჭურჭელს დაუყოვნებლივ უნდა მოშორდეს.

ღვინის გადაღების ზუსტი, დადგენილი დრო და ინტენსივობა არ არსებობს. ღვინო იმდენჯერ უნდა გადაიღონ, რამდენჯერაც იგი ამას მოითხოვს. ოჯახურ პირობებში ძალზე მნიშვნელოვანია ასევე, გოგირდის დროული და ზომიერი გამოყენება. ღვინის ჭურჭელს, იქნება ის ქვევრი, კასრი, მინა თუ სხვა, სრული დეზინფექციისთვის უნდა ეხრჩოლოს (ჩაუბოლდეს) გოგირდი. ემალირებული და უჟანგავი ლითონის ჭურჭელში გოგირდის ჩაბოლებას ერიდებიან, რადგან გოგირდმა, შესაძლოა, ჭურჭლის შიდა ზედაპირი დააზიანოს. გოგირდის ფითილების დამზადება შინაურ პირობებშიც შეიძლება, ამისათვის ვენახის შესაფრქვევ გოგირდს (სხვა გოგირდის გამოყენება არ შეიძლება) დაყრიან ტაფაზე და გაადნობენ დაბალ ცეცხლზე, რაშიც შემდეგ ამოავლებენ 2-3-სანტიმეტრიან ზოლებად სიგანეზე დაჭრილ თაბახის ფურცლებს. ამგვარ ფითილებს გამოაბამენ მავთულს, ზედა მხრიდან მოუკიდებენ ცეცხლს და ჩაუშვებენ წინასწარ გარეცხილ ჭურჭელში. ქარხნებში მიღებულია გოგირდის ჩაბოლების დოზა: 3 გრ გოგირდი ყოველ 100 ლიტრ ჭურჭელზე. მნიშვნელოვანია ერთი გარემოება: გოგირდი ახლად გარეცხილ და ღვინის ჩასასხმელად გამზადებულ ჭურჭელს უნდა ჩაუბოლდეს მანამ, სანამ ჭურჭლის შიდა ზედაპირი ჯერ კიდევ სველია, რადგან ამ დროს დამწვარი გოგირდის ბოლი რეაქციაში შედის წყალთან და წარმოიქმნება გოგირდოვანი მჟავა, რაც უკეთ უზრუნველყოფს ჭურჭლის დეზინფექციას. გოგირდჩაბოლებულ ჭურჭელში ნაკლებია ღვინის ბრკისა და დაძმარების (ასევე სხვა დაავადებების) გაჩენის რისკი, თუმცა, კუსტარულად გაკეთებულ ფითილებს ახასიათებთ ჭურჭელში ჩაღვენთვა, რამაც შესაძლოა ღვინოს გოგირდწყალბადის (ლაყე კვერცხის) სუნი მისცეს. დღესდღეობით უკვე არსებობს ქარხნულად დამზადებული ჩასაბოლებელი გოგირდის ფითილები, რომელიც ჭურჭელში არ იღვენთება. გოგირდს ზოგჯერ მარნებსა და სარდაფებშიც წვავენ, თუკი, რა თქმა უნდა, არსებობს ამის საჭიროება.

სადუღარი და შესანახი ჭურჭელი ღვინის სადუღარ თუ შესანახ ჭურჭლად ძირითადად გამოიყენებენ კასრებს, ქვევრებს, მინისა და უჟანგავ თუ ემალირებულ ჭურჭელს. ოჯახურ პირობებში _ ძირითადად ქვევრებს, კასრებსა და მინის ჭურჭელს იყენებენ. ამჯერად თქვენს ყურადღებას კასრებსა და ქვევრებზე შევაჩერებთ.

ქვევრი

კერამიკული წარმოების ისეთი დარგი, როგორიც მექვევრეობაა, მთლიანად მეღვინეობის ინტერესებს ემსახურება. ქვევრი ის ჭურჭელია, რომელშიც მიმდინარეობს ყურძნის ტკბილისა თუ დურდოს დადუღება და ღვინის შენახვა. ამრიგად, მისი დანიშნულება და მნიშვნელობა მეღვინეობაში უდიდესია. ქვევრის, როგორც სამეურნეო ხასიათის მქონე ჭურჭლის, წარმოშობა ძალზე შორეულ წარსულშია სავარაუდო. საერთოდ მეთუნეობა ხუთ ძირითად დარგად იყოფა. ესენია: მეაგურეობა, მეკრამიტეობა, მეჭურჭლეობა, მეთონეობა (საიდანაც წარმოიშვა ამ დარგის სახელი მეთუნეობა) და მექვევრეობა. კერამიკული ნაწარმი თითქმის ყველა სახის თიხისაგან მზადდება, რომელსაც მოიპოვებენ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, მაგრამ ქვევრების დასამზადებლად თიხაც შესაბამისად შერჩეული უნდა იყოს და დამზადებისა თუ გამოწვის ტექნოლოგიაც სათანადო ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს.

ქვევრების მოცულობა ძველ საქართველოში დაახლოებით 3-5-დან 8 000 ლიტრამდე მერყეობდა. ქვევრის დადებით მხარედ მიიჩნევენ: მის დიდ მოცულობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახურ პირობებში; მასში თითქმის უცვლელ ტემპერატურას, რასაც ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ქვევრში მიმდინარე ყველა ტექნოლოგიურ ეტაპზე და მის განსაკუთრებულ და შეუცვლელ როლს ღვინის ქართულად დაყენების საქმეში.

ქვევრს, მუხის კასრისაგან განსხვავებით, არ ახასიათებს ღვინის აშრობა და, ამრიგად _ დანაკარგი. ყველა ტექნოლოგიური პროცესის ზუსტი დაცვით (ჰიგიენა, ჰერმეტულად შენახვა და სხვ.) ქვევრში ღვინო ხანგრძლივად ინახება.

ქვევრის უარყოფითი მხარეებიდან გამოყოფენ: ქვევრის კედლების ძლიერ ფორიანობას და განსაკუთრებით დიდი მოცულობის ქვევრებში მცირედი ვიბრაციის დროსაც კი (მიწისძვრა, მეწყერი და სხვა) მისი კედლების დაბზარვის რისკს. ასევე, არსებობს ახალი, უხარისხო ქვევრების შეძენის საშიშროება. ამ ახალი რისკის საფუძველს წარმოადგენს ამ დარგისადმი გარკვეულად გულგრილი დამოკიდებულება და ქვევრის დამზადების ტექნოლოგიის არასრული დაცვა. ქვევრის კედლების ძლიერი ფორიანობის საწინააღმდეგოდ ახალ ქვევრებს მიწაში ჩადგმამდე გაათბობენ დაახლოებით 60-80 გრადუსამდე და შიგნიდან ცვილით გაგლესენ. გამთბარი ქვევრის კედლები ცვილს ღრმად შეიწოვს და ამრიგად გამოირიცხება როგორც ღვინის გაჟონვის ან გარედან ქვევრში ნესტის შეღწევის რისკი, ასევე ხმარებისა და რეცხვის პროცესში ცვილის მოცილებაც. ცვილის წასმა უკვე მიწაში ჩამარხულ ქვევრშიც შესაძლებელია. რაც შეეხება ქვევრის რეცხვის სიძნელეს, ეს პრობლემა იმდენად აქტუალური ყოფილა, რომ ძველად არსებობდა პროფესია _ "ქვევრის მრეცხავი" და ამ საქმეს, ხშირ შემთხვევაში, პროფესიონალი ახორციელებდა. უნდა აღინიშნოს, რომ ქვევრის ღვინოში რაიმე ზადის ან დაავადების გაჩენა ძირითადად განპირობებულია სწორედ მისი რეცხვისა და წყლის ნორმების არასათანადო დაცვით.

მნიშვნელოვანია ქვევრის რეცხვა როგორც გამოყენების წინ, ასევე მისი რეცხვა ხანგრძლივი სიცარიელის შემდეგ. ორივე შემთხვევაში, ისე როგორც ღვინის გადაღებისას, რეკომენდებულია ქვევრში გოგირდის ჩაბოლება (3 გრ გოგირდი ყოველ 100 ლიტრ ჭურჭელზე). ცარიელ ქვევრში გოგირდის ჩაბოლება შეიძლება განმეორდეს თვე-თვენახევარის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში გოგირდის თავდაპირველი ჩაბოლება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა გარეცხილი ქვევრის შიდა ზედაპირი კარგად გამოშრება.

ტრადიციულად, ქვევრების გარეთა ზედაპირს კირით ადუღაბებდნენ. ამ ოპერაციას რამოდენიმე დატვირთვა აქვს, მაგრამ უმთავრესად იგი ერთგვარ ანტისეისმურ ღონისძიებას წარმოადგენს, ამის გარდა, დაკირულ ქვევრში ნაკლებია გარედან ნესტის ან გრუნტის წყლის შეღწევის რისკი. ქვევრების დაკირვა საქართველოში ძალიან სწრაფად გავრცელდა, რაც განაპირობა დაახლოებით XI საუკუნეში მომხდარმა უძლიერესმა მიწისძვრამ, რომელმაც სავსე ქვევრების უმრავლესობა დააზიანა. ახლო წარსულში ზოგჯერ კირის ნაცვლად ცემენტსაც იყენებდნენ, რაც ყოვლად გაუმართლებელია, ვინაიდან ცემენტის ექსპლუატაციის ვადა კირთან შედარებით ძალზე მცირეა, ასევე, მას ახასიათებს დაშმორება და დაობება; ხოლო რისკი იმისა, რომ ახალი ქვევრები მთელი რიგი წესების დაუცველად მზადდება, არც თუ უსაფუძვლოა. გამოცდილი მექვევრე, მაგალითად, ჭურჭლისთვის მომზადებულ თიხას საგულდაგულოდ დაახარისხებს და არავითარ შემთხვევაში მდინარის, წვიმის ან ნაგუბარი წყლით არ მოზელს. გასათვალისწინებელია გამოწვის ტემპერატურა და ხანგრძლივობა, რასაც ასევე ნაკლები ყურადღება ექცევა. უნდა აღინიშნოს, რომ ქვევრი იმდენად დახვეწილი ჭურჭელია, რომ მან დღემდე, მრავალი საუკუნის შემდეგ, თითქმის უცვლელად მოაღწია.

ქვევრებს, გარდა ღვინისა, იყენებდნენ ჭაჭის, მწნილეულის, ყველის, ერბოსა და მარცვლეულის შესანახად, მაგრამ, როგორც აღინიშნა, იგი მეღვინეობის ჭურჭელია და მისი შექმნაც საქართველოში ამ დარგის განვითარებამ გამოიწვია.

მუხის კასრი

მუხის კასრებში შენახულ ღვინოს განსაკუთრებული გემო და ხარისხობრივი მახასიათებლები აქვს. მუხის კასრი მხოლოდ ჭურჭელი არ არის _ იგი ღვინის დავარგებაშიც მონაწილეობს, აუმჯობესებს ღვინის გემოს და აძლევს მას მეტ სიმტკიცეს. ამიტომ მას მართებულად უწოდებენ ტექნოლოგიურ ჭურჭელს. ძველად, ზოგიერთ ქვეყანაში, მუხის მასალის სიმცირის გამო, კასრებს წაბლის, წიფლის, თუთის, აკაციის, ნაძვისა და სხვა მასალისგან ამზადებდნენ, მაგრამ მათთან შედარებით, მუხის კასრის უპირატესობა უდავოა.

მუხის კასრის შეფასების ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმია მუხის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა. კასრისთვის მუხა უნდა შეირჩეს ფორიანობის, სტრუქტურის, პოლიფენოლებისა და არომატული ნივთიერებების მიხედვით. ამ ყველაფერზე კი გავლენას ახდენს მისი გეოგრაფიული წარმოშობა, ნიადაგის ტიპი, კლიმატი, ტყის სიხშირე და სხვ. უპირატესობა მშრალ, მთაგორიან ადგილზე მოჭრილ მუხას ენიჭება. იგი მკვრივი და წვრილფორიანია. დაბლობ ადგილზე მოჭრილი მუხის ხის მერქანი მსხვილფორიანი და ნაკლებად მტკიცეა, ძლიერ ჟონვადია და ბევრსაც იშრობს. კასრის დასამზადებლად განკუთვნილ მუხის მასალას ღია ცის ქვეშ, დაახლოებით ორ წელი აჩერებენ. იგი შრება, კარგავს არასასიამოვნო, მწარე გემოს და იძენს შესანიშნავ სურნელს. შესაძლებელია, მუხის მასალის ფარდულში გაშრობაც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მასალის ელექტროღუმელში, დაჩქარებული წესით გამოშრობა. ღვინის კასრის შეღებვა დაუშვებელია _ საღებავი ავსებს ფორებს და ზღუდავს მათში ჟანგბადის მოძრაობას, რაც აუცილებელი პირობაა ღვინის დავარგებისთვის. ცარიელი კასრების ღია ცის ქვეშ შენახვა არ შეიძლება, რადგან ასეთ შემთხვევაში კასრი გამოშრება, დაკარგავს ჰერმეტულობას და მალე დაიშლება. იმისათვის, რომ ცარიელ კასრებში შენახვისას ობის გამომწვევი სოკო არ განვითარდეს, მათ თვე-თვენახევარში ერთხელ უნდა ჩაუბოლდეს გოგირდი, რის შემდეგაც კასრს უკეთდება საცობი. გასათვალისწინებელია, რომ კასრის გამოსარეცხი წყალი უნდა იყოს აუცილებლად სუფთა და სასმელად ვარგისი. ღვინის შესანახი ხის ჭურჭელი ძნელი მოსავლელია, რაც შრომატევადია და მოითხოვს ზედმიწევნით ცოდნასა და გამოცდილებას, რის გამოც ბევრმა მეღვინემ მის გამოყენებაზე უარი თქვა. თუმცა, ასეთ ჭურჭელში დაყენებული ღვინის განსაკუთრებული ხარისხის გამო, კასრების გამოყენების პრაქტიკა თანამედროვე მეღვინეობაში სულ უფრო და უფრო ფართოვდება.

გოგირდის ჩაბოლება რეკომენდებულია ასევე მინის ჭურჭელშიც. მიუხედავად იმისა, რომ მინის ჭურჭელი შენახვისა და გამოყენების მხრივ ძალზე პრაქტიკულია, ჰიგიენის წესების დაცვა აქაც მნიშვნელოვანია. სუსტ წერტილს წარმოადგენს მინის ჭურჭლის ხრახნიანი თავსახური, რომელსაც ხშირად უჩნდება თვალით ძნელად შესამჩნევი ბზარი, რომელიც, შესაძლოა გახდეს ღვინის გაფუჭების მიზეზი.

მარანი და მისი ჰიგიენა

მარანი წარმოადგენს როგორც ღვინის შესანახ, ასევე, მის დასადუღებელ და დასამუშავებელ ადგილს. მარანი უნდა იყოს გრილი, მას უნდა ჰქონდეს კარგი სავენტილაციო სისტემა და, სასურველია, საკანალიზაციო გაყვანილობები. იმისათვის, რომ მარანში მიღწეულ იქნეს ტექნოლოგიური პროცესებისათვის სასურველი ტემპერატურა (14-15 გრადუსი) და ჰაერის სასურველი ფარდობითი ტენიანობა (75-85 %), მას ხშირად მიწის სიღრმეში აშენებენ, სარდაფის კედლებსა და ჭერს ჰიგიენისთვის კირით ათეთრებენ, რაც შესანიშნავი ანტისეპტიკური საშუალებაა სარდაფში მავნე მიკროორგანიზმებისა და ობის გამომწვევი სოკოების საწინააღმდეგოდ. თუმცა, არსებობს ეგრეთ წოდებული "კეთილთვისებიანი ობი", რომლის გაჩენას სარდაფის კედლებზე ზოგიერთი მეღვინე მიესალმება კიდეც.

ყურძნის კრეფიდან, ვიდრე დაღვინებისა და შენახვის პროცესამდე, ღვინის მწარმოებელმა ყველაფერი უნდა იღონოს იმისათვის, რათა შეინარჩუნოს ღვინის პოტენციური ხარისხი. ყურძენი იქნება ეს, ტკბილი, დურდო თუ ღვინო, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას მათი დაავადება, ზადისა და არასასიამოვნო გემოს წარმოქმნა, მომხმარებლისთვის საშიში ნივთიერებებისა თუ მიკროორგანიზმების გაჩენა. ამისათვის კი საჭიროა, რომ ყურძნის გადამუშავების ადგილზე მოისპოს ყოველგვარი პათოგენური მიკროორგანიზმებისთვის ხელსაყრელი პირობები, გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ინერტული ჭურჭელი, რომელიც არ დასცემს ღვინის ხარისხს, არ შესძენს მას უსიამოვნო გემოს და არ გაამდიდრებს ღვინოს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებით.

საერთოდ, მეღვინეობაში, რაც უფრო ახლოა პროდუქტი საბოლოო სახესთან, მით უფრო მკაცრდება მოთხოვნები ჰიგიენის მიმართ. ჭურჭლის გარეცხვა და დეზინფექცია საჭიროა რთვლის დასაწყისში, მისი მიმდინარეობისას და დასასრულს.

ჭურჭლისა და ინვენტარის რეცხვის ზუსტი, დადგენილი ნორმა არ არსებობს _ ტარა-ჭურჭელი და მევენახეობა-მეღვინეობის ინვენტარი ირეცხება იმდენჯერ და მანამ, სანამ არ მიაღწევენ სასურველ შედეგს. მარანში მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი გასარეცხად მიუდგომელი და წყლის დაგუბების ადგილები. ჭურჭელს ღვინის ქვა აუცილებლად უნდა მოშორდეს მისი ყოველი დაცარიელების შემთხვევაში. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ძლიერ მოქმედი და ამავე დროს ჭურჭლის მიმართ ინერტული, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო უნივერსალური სარეცხი საშუალება არ არსებობს, რადგანაც სიბინძურის წყარო და მისი ქიმიური ბუნება შეიძლება სხვადასხვა სახისა იყოს, მაგალითად: ორგანული, მინერალური, პირველადი ნედლეულის ნარჩენი ნაწილაკები, მტვერი, და სხვადასხვა სამუშაოებისაგან დარჩენილი ნარჩენები. აღსანიშნავია, რომ რეცხვა-დეზინფექციის პროცესი სასურველ ეფექტს მხოლოდ სუფთა გარემოში, სუფთად მუშაობის დროს იძლევა.

საქართველოში ტრადიციისამებრ, საპატიო სტუმარს კარგი ღვინით უმასპინძლდებიან. კარგი ღვინის დაყენებას კი ცოდნა, გამოცდილება და საქმის სიყვარული სჭირდება. გაითვალისწინეთ ამ სტატიაში მოცემული რეკომენდაციები და თქვენს მიერ დაყენებული ღვინო არ შეგარცხვენთ.

"ღვინოს უთქვამს, მომიარე და მოგივლიო" _ მხოლოდ გულმოდგინე და წესიერი მოვლით დგება უზადო და საღი ღვინო!

პორტვეინი

"ყველა ღვინო პორტვეინი იქნებოდა, რომ შეიძლებოდეს..."

საუკეთესო პორტვეინი იმ ყურძნისგან იწარმოება, რომელიც მდინარე დუეროს სიახლოვეს, ველზე იზრდება. მე-17 საუკუნეში, ფრანგებთან ბრძოლის გამო, ინგლისელ ვაჭრებს ბაზარზე საკუთარი ბორდოს წარდგენის საშუალება წაერთვათ და სწორედ მაშინ მათ გემო და არომატი საუცხოო პორტუგალიურ ღვინოს გაუსინჯეს. აღსანიშნავია, რომ ამ ღვინოებისთვის ტრანსპორტირების პროცესი ძალიან მძიმე იყო, სწორედ ამიტომ ვაჭრები სასმელში ალკოჰოლს ამატებდნენ. ცოტა მოგვიანებით, ღვინოში ფერმენტაციის დროს ყურძნის სპირტის დამატებაც დაიწყეს, სწორედ ასე დაიბადა პორტვეინი.





სულ მალე პორტვეინით მოვაჭრეებმა შეამჩნიეს, რომ ალკოჰოლის დამატება არამხოლოდ იცავდა ღვინოს, არამედ აუმჯობესებდა მის ხარისხს და სასმელს უნიკალურ პროდუქტად გარდაქმნის საშუალებას აძლევდა.



სიტყვა პორტვეინი მომდინარეობს სიტყვისგან პორტუ, რაც პორტუგალიის მთავარი პორტის სახელწოდებაა. ინგლისში პორტვეინს "ღვინო პორტოს" ან "პორტო ღვინოს" უწოდებდნენ. პორტუგალიაში პორტვეინის წარმოების თარიღად XVIII საუკუნე მიიჩნევა. ამ სასმელისთვის დამახასიათებელია ნაყოფის ან ხილის ტონი, გემოს ჰარმონიულობა, მაღალი ექსტრაქტულობა. ეს ყველაფერი ბადაგის დაწურვის შედაგად მიიღწევა. სასმელის საუცხოო გემო ე.წ. პორტვეინიზაციის, სპეციალურ კასრებში დაძველების შედეგად მიიღება. დამზადების უძველესი მეთოდით წარმოებული პორტვეინი 12-18 თვის განმავლობაში ძველდება. რაც შეეხება ჩვეულებრივ პორტვეინს, ის 5 დღის განმავლობაში დუღდება და მხოლოდ 3 თვის განმავლობაში ძველდება. როცა პორტვეინის წარმოების დროს, ფერმენტების მეშვეობით ნატურალური შაქრის ნახევარი გადამუშავდება, ღვინოში უფერულ სპირტს ამატებენ. ის ამ პროცესს ანელებს და ღვინოში ყურძნის შაქრის დიდ ნაწილს ინარჩუნებს. არსებობს პორტვეინის რამდენიმე კატეგორია, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.



Vintage



"ვინტაჟის" კატეგორიის პორტვეინი ყველაზე რბილი და იშვიათი სასმელია და შესანახად მსოფლიოში საუკეთესო ღვინოდ ითვლება. ის საუკეთესო მოსავლის ყურძნისგან იწარმოება და შედარებით ნაკლები რაოდენობით. ამ კატეგორიის პორტვეინი მუხის კასრში 2 წლის განმავლობაში ძველდება. მოგვიანებით, დეგუსტაციისთვის მზადების პროცესში, მას ბოთლებში ასხამენ და რამდენიმე, ზოგჯერ ათეული წლის განმავლობაში სარდაფში აძველებენ. სწორედ ამის შემდეგ გარდაიქმნება იგი საუცხოო ღვინოდ, რომელსაც საუკეთესო გემო აქვს.



წელს, რომელსაც "ვინტაჟის" წლად აცხადებენ, ღვინოს ორწლიანი შენახვის შემდეგ ბოთლებში ასხამენ. წინასწარ ცხადდება გასაყიდად გამზადებული ბოთლების რაოდენობა. ისევე, როგორც შამპანში, ყველა წელი საუკეთესო მოსავლის წლად არ ცხადდება. პორტვეინის ყველა მწარმოებელი კონკურენტებისგან დამოუკიდებლად იღებს მოსავლის შეფასების გადაწყვეტილებას.

იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებელი მოსავალს საუკეთესოდ არ გამოაცხადებს, შესაძლებელია მიღებულ იქნას გარკვეულ ტერიტორიაზე მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული "ვინტაჟის" ჩამოსხმის გადაწყვეტილება. სასმელი მზადდება ყურძნისგან, რომელიც საწარმოს მფლობელობაში არსებულ ვენახებში იკრიფება. საწარმოს დასახელება მითითებულია ეტიკეტზე.



Late Bottled Vintage



ისევე, როგორც კლასიკური "ვინტაჟი" Late Bottled Vintage ერთი წლის მოსავლისგან იწურება, მაგრამ თუ "ვინტაჟი" მუხის კასრში 2 წლის განმავლობაში ძველდება, Late Bottled Vintage-ის შემთხვევაში დაძველების პერიოდი 4-6 წლამდე იზრდება. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდება Late Bottled-ბოთლში გვიან ჩამოსხმული. აღნიშნულის წყალობით, მას შემდეგ, რაც ამ კატეგორიის პორტვეინი ბოთლში ხვდება, ის რეალიზაციისთვის მზად არის და სარდაფში შენახვას არ საჭიროებს. "ვინტაჟისგან" განსხვავებით, მისი დალევა ბოთლის გახსნიდან რამდენიმე დღის შემდეგაც შეიძლება.

Late Bottled Vintage კლასიკური "ვინტაჟივით" ნაჯერი არ არის, მაგრამ ამ პორტვეინს საუკეთესო ხარისხი აქვს და მისი ფასიც საკმაოდ მიმზიდველია. ეს პორტვეინი საოცრად უხდება ყველს.



დაძველებული უფერული პორტვეინი



მსუბუქი პორტვეინი, მრავალი წლის განმავლობაში დაძველებული მუხის კასრში, დროთა განმავლობაში ლალისფერს კარგავს და ოქროსფერი გადაკრავს. ასეთ პორტვეინს Tawny-ს უწოდებენ. მისი მახასიათებლები "ვინტაჟისგან" ძალიან განსხვავდება. თუმცა ორივე მათგანი ნამდვილ შედევრად ითვლება.

თუ "ვინტაჟი" ბოთლში ისეა ჩასხმული, რომ ჰაერი არ ხვდება, "ტონი" "სუნთქავს" და მუხის კასრის კედლებიდან თავისებურ, სასიამოვნო არომატს იძენს.

უძველესი პორტვეინი "ტონი" დანარჩენ პორტვეინებს შორის ყველაზე მიმზიდველია. ეს არის საუცხოო სადესერტო ღვინო, რომელიც სხვა ლალისფერი პორტვეინისგან განსხვავებით, შეგიძლიათ ცივადაც მიირთვათ.



თეთრი პორტვეინი



თეთრი პორტვეინი იმავე ტექნოლოგიით იწარმოება, რითიც წითელი, მხოლოდ შექმნილია თეთრი ყურძნისგან. პორტვეინ "რუბის" მსგავსად, ის შექმნილია რამდენიმე მოსავლისგან და ხის კასრებში 3-4 წლის განმავლობაში ძველდება. როგორც წესი, მას ოპერატივის სახით მიირთმევენ.

ქართული ღვინის ჯიშები


მსოფლიოში ცნობილია ვაზის 4000-მდე ჯიში. საქართველოში ვაზის 500-მდე ადგილობრივი ჯიშია, რომელთაგან სტანდარტულ ასორტიმენტში შეტანილია 62 ჯიში, მათ შორის 29 საღვინე და 9 სუფრის.

გამორჩეული მაღალხარისხოვანი ქართული საღვინე ვაზის ჯიშებია; რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური და სხვა.


ალადასტური

ალადასტური, ქართული ვაზის ჯიში. მისი ყლორტების 75-77% ნაყოფის მომცემია. ნაყოფი წითელია, საღვინე და სუფრისა. მტევანი საშუალოდ 200 გ იწონის. მწიფდება ოქტომბრის შუა რიცხევებში, ინახება გაზაფხულამდე, ტრანსპორტაბელურია. მოსავლიანობა – ჰექტარზე 70-100 ცენტნერი. ალადასტური გავრცელებულია ჩოხატაურის, ოზურგეთის, ვანისა და სამტრედიის რაიონებში. მისგან აყენებენ წითელ ღვინოს, რომელსაც ალკოჰოლისა და მჟავიანობის ჰარმონიული შეფარდება, საუკეთესო სხეულოანობა და სასიამოვნო სურნელება აქვს. გადამწიფებული ყურძნისაგან მზადდება მაღალხარისხოვანი, ნახევრად ტკბილი ღვინო “ალადასტური”.



ალექსანდროული

ალექსანდროული, ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. იზრდება საშუალო ინტენსივობით. ნაყოფს იძლევა ყლორტების 70-90%, მტევნის საშუალო წონაა 90-100 გ. ყურძენი მწიფდება სექტემბრის ბოლოს, საშუალო მოსავლიანობა 55-60 ც/ჰა-ზე. გავრცელებულია ამბროლაურისა და ცაგერის რაიონებში. როცა ყურძნის შაქრიანობა 27-28%-ია, მჟავიანობა კი – 6-8%, აყენებენ მაღალი ღირსების ბუნებრივად ნახევრად ტკბილ წითელ ღვინოს “ხვანჭკარას” (ძირითადად ხვანჭკარის მირკორაიონში), ხოლო ნაკლებშაქრიანობისას (20-21%) სუფრის ღვინოს – ” ალექსანდროულს”.

ბუდეშური

ბუდეშური, ქართული ვაზის უძველესი ჯიში. ცნობილია წითელი ბუდეშური (თამარეული), უხვმოსავლიანი სუფრის ჯიში. მწიფდება სექტემბრის შუა რიცხვებში. ნაყოფის შაქრიანობა 15,5-16,5%, მჟავიანობა – 5,5-6,0გ/დმ3. არატრანსპორტაბელურია. გვხვდება ქართლში, კახეთსა და დასავლეთ საქართველოში. თეთრი ბუდეშური, საღვინე და სუფრის ჯიშია. მწიფდება სექტემბრის ბოლოს. შაქრიანობა 18-20%, მჟავიანობა 6,5-7გ/დმ3-მდე, საშუალო მოსავლიანობა 100 ც/ჰა-ზე. გავრცელებულია ქართლსა და კახეთში, მცირე რაოდენობით გვხვდება ასპინძისა და ახალციხის რაიონებში. თეთრ ბუდეშურს იყენებენ შამპანური და სუფრის ღვინის საკუპაჟე მასალად.

გორულა

გორულა, ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. იზრდება ინტენსიურად. მისი ყლორტების 75-84% ნაყოფის მომცემია. უხვმოსავლიანია, ჰა-ზე საშუალოდ 100 ც-ზე მეტი იკრიფება. ყურძენი სქელკანიანი, ხორციანი და ნაკლებწვნიანი. მწიფდება შუა ოქტომბერში. შაქრიანობა 18-19%, მჟავიანობა 5-6%-მდე. გორულა ტრანსპორტაბელური, მაღალხარისხოვანი სუფრის ჯიშია. გავრცელებულია მცხეთის, ახალგორის, კასპის, გორის რაიონებში და თბილისის გარეუბნებში.

გორული მწვანე

გორული მწვანე, ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. ყლორტების 80-90% ნაყოფის მომცემია. საშუალო მოსავლიანობა 80 ც/ჰა-ზე. ყურძენი სქელკანიანია, საკმაოდ წვნიანი და ხორციანი. მწიფდება ოქტომბრის I ნახევარში. შაქრიანობა საშუალო 21,6-22%, მჟავიანობა 9-100/00-მდე. გორული მწვანე მაღალხარისხოვანი საღვინე ჯიშია. იყენებენ ევროპული, სადესერტო და შამპანიური ღვინოების დასამზადებლად. გავრცელებულია უმეტესად ქართლში, მცირე რაოდენობით კახეთის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რაიონებში.



თითა

თითა, სასუფრე ყურძნის ჯიში. გავრცელებულია საქართველოს სხვადასხვა რაიონში. განსაკუთრებით ცნობილია “ქართლური თითა”, რომელიც შიდა ქართლისა და მესხეთში დიდი რაოდენობით მოჰყავდათ. ფოთოლი კვერცხისმაგვარი ფორმისაა, ძლიერ დანაკვთული, მარცვალი გრძელია, თითისებრი მოყვანილობისა (აქედან სახელწოდება). ფერად მომწვანო-მოყვითალოა, მოტკბო-მომჟავო გემო და სუსტი არომატი აქვს. ძლიერ იზრდება, ზოგიერთი რქის სიგრძე 2-3 მ აღწევს. მოსავალს დარგვიდან მესამე წელს იძლევა. მტევნის საშუალო წონაა 151 გ (უდიდესი – 400 გ). მოსავალი ჰექტარზე 56 ც აღწევს. ქართლში მისი მოშენება ძლიერ შემცირდა, პერსპექტიულია მესხეთისათვის.



კამური თეთრი

კამური თეთრი, ქართული ვაზის ჯიში. მიეკუთვნება გურიის ვაზთა ჯიშების ჯგუფს. ნაყოფი თეთრია, სუფრისა, ლამაზი მარცვალი და მტევანი აქვს, კარგად ინახება. გვხვდება ერთეული ძირების სახით გურიისა და იმერეთის რაიონებში. ჯიში დაცულია საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტების საკოლექციო ვენახებში.

კაჭიჭი

კაჭიჭი, აფხაზური შავყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. ვაზის კულტურის ჯიშების კოლხეთის კერის ტიპობრივი წარმომადგენელია. აქვს შებუსული ფოთოლი, საშუალო სიდიდის მტევანი (100-160 გ), შავი და მრგვალი მარცვალი. გვხვდება აფხაზეთისა და სამეგრელოს რაიონებში (1,72 ჰა, 1976), სადაც კიდევ შენდება სადედე ვენახები. ამზადებენ მაღალხარისხოვან მუქი ფერის საშუალოსხეულიან სუფრის ღვინოს.

კლარჯული

კლარჯული, ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირა ზოლში (გურიისა და აჭარის რაიონებში). ვაზი ინტენსიურად იზრდება, უხვმოსავლიანია. ყურძენს (მწიფს ოქტომბერში) აქვს მაღალი საგემოვნო თვისებები, მტევანი ცილინდულ- კონუსური ფორმისაა, მარცვალი მომწვანო-მოყვითალო, კარგად ინახება, ტრანსპორტაბელურია. საქართველოში გავრცელებულ აბორიგენულ ჯიშთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო სასუფრე ყურძნის ჯიშია.

კრახუნა

კრახუნა, ქართული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, იმერეთის რაიონებში. საშუალო მოსავლიანობა 80-100 ც/ჰა. მწიფდება ოქტომბრის შუა რიცხვებში. ყურძნის წვნის შაქრიანობა 21-24%. შეტანილია საქართველოს სამრეწველო ვაზის ჯიშთა სორტიმენტში. კრახუნასგსნ მზადდება მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინო. ჯიშის მცირე გავრცელების გამო კრახუნასგან სუფთა ჯიშურ ღვინოს არ ამზადებენ და სამარკო ღვინის კუპაჟში იყენებენ.

მუჯურეთული

მუჯურეთული, ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. მტევანი 60—90 გ იწონის, მოსავლიანობა 60—80 ც/ჰა აღწევს. მწიფდება შუა ოქტომბერში. გავრცელებულია ამბროლაურისა და ცაგერის რაიონებში. იმ შემთხვევაში, როცა ყურძნის შაქრიანობა 25—27%ია, ხოლო მჟავიანობა 5,5—7%, ალექსანდროულთან ერთად იყენებენ ნახევარდტკბილი ღვინის „ხვანჭკარის“ დასამზადებლად. მისგან ცალკე დაყენებული სუფრის ღვინო გამოირჩევა კარგი შეფერილობით და ჰარმონიულობით.

მწვანე კახური

მწვანე კახური, უძველესი ქართული თეთრყურძნიანი საღვინე სტანდარტული ვაზის ჯიში. იზრდება საშუალო ინტენსივობით. აქვს დანაკვთული ფოთოლი, საშუალო შებუსული, საშუალო ზომის კონუსური მტევანი, ოვალური მარცვალი. ყურძენი სექტემბერში მწიფდება. ძირითადად გავრცელებულია საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში, უმეტესად კახეთში (1977 წელს ეჭირა 3267 ჰა-მდე), მცირე რაოდენობითაა სხვა რესპუბლიკებშიც. მისგან ამზადებენ მაღალი ხარისხის, ევროპულ და კახური ტიპის სუფრის ღვინოს, აგრეთვე ბუნებრივად ტკბილ ღვინოს „ახმეტას“. იყენებენ სამარკო ღვინოების „წინანდლის“, „გურჯაანისა“ და „ტიბაანის“ წარმოებაში.

ოცხანური საფერე

ოცხანური საფერე, ქართული შავყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. გვიან მწიფდება. კოლხეთის ფორმათწარმოქმნის კერის ვაზის ჯიშია. მცირე რაოდენობით გვხვდება შუა და ზემო იმერეთის რაიონებში (71 ჰა). აქვს შებუსული ფოთოლი, საშუალო ან მომცრო მტევანი, საშუალო სიდიდის მრგვალი მარცვალი. მოსავლიანობა (ცენტნერი ჰექტარზე) — დაბლარისა 40-70, მაღლარისა 80-100. ოცხანური საფერესგან ამზადებენ მაღალხარისხოვან, მუქი წითელი ფერის სუფრის ღვინოს.

ოჯალეში

ოჯალეში, ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. გავრცელებულია სამეგრელოსა და აფხაზეთის რაიონებში (სენაკი, მარტვილი, ზუგდიდი, სოხუმი, გუდაუთა, გაგრა). მწიფს ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის შუა რიცხვებში. აქვს ცილინდრულ-კონუსური, ფრთიანი მტევანი; მუქი ლურჯი, საშუალო ზომის მრგვალი ან ოდნავ ოვალური მარცვალი. შაქრიანობა მერყეობს 21,2-იდან 24,3%-მდე, მჟავიანობა 7-9 ‰. ოჯალეშიგან ამზადებენ მუქ-წითელ მაღალხარისხოვან ორიგინალურ მშრალ ან ნახევრად ტკბილ სუფრის ღვინოს — „ოჯალეშს“. ლეჩხუმში გავრცელებული ოჯალეში ანუ ორბელური ოჯალეში საფრანგეთიდანაა შემოტანილი, რომლის ნამდვილი სახელწოდებაა „მერლო“.



რქაწითელი

რქაწითელი — ქართული ტექნიკური ვაზის ჯიში დამწიფების გვიანდელი ვადით. ჯიში განეკუთვნება შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ფოთლები საშუალო, მომრგვალო სამ-ხუთფრთიანი, მტევანი საშუალო ზომის ან დიდი, ცილინდროკონუსური. მარცვალი საშუალო, ოვალური მომწვანო-ყვითელი ფერის ყავისფერი ლაქებით. პერიოდი დაკვირტვიდან ტურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე, ხორნაბუჯის ტერიტორიაზე 150 დღეა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3100-3200 c პირობებში მოსავლიანობა 100-150 ც/ჰა. ჯიში ყინვაგამძლეა. ნახევრადმდგრადია მილდიუს მიმართ მცირედ ზიანდება იოდიუმით.

რქაწითელით

რქაწითელი - მზადდება სუფრის მშრალი თეთრი სამარკო ღვინო “რქაწითელი”, ადგილობრივი კახური მეთოდით. ასევე რქაწითელი, ხიხვისა და მწვანეს ჯიშის ღვინომასალებთან, კუპაჟში, გამოიყენება ღვინის “რქაწითელი ხორნაბუჯულლის” დასამზადებლად, რომელიც ასევე კახური ტიპისაა. რქაწითელი, მწვანეს ჯიშის ღვინომასალასთან ერთად, კუპაჟში, განოიყენება თეთრი სამარკო ღვინის “ტიბაანის” დასამზადებლად. რქაწითელის, საფერავისა და კაბერნე სოვინიონის ჯიშის ღვინომასალები გამოიყენება სუფრის ნახევრადმშრალი ვარდისფერი ღვინის დასამზადებლად. ასევე ეს ჯიში ჩინურის, ჩხავერის ჯიშის ღვინომასალებთან ერთად კუპაჟში გამოიყენება თეთრი ცქრიალა ღვინის დასამზადებლად. ღვინომასალები რქაწითელის, ხიხვის, მწვანეს ჯიშისაგან გამოიყენება თეთრი მაგარი, პორტვეინის ტიპის “კარდენახის” დასამზადებლად.



საფერავი
საფერავი — მუქი წითელი, შავი ვაზის ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ჯიში. ივ. ჯავახიშვილის განმარტებით საფერავი ეკუთვნის ზოგად ჯიშთა ჯგუფს, თუმცა წარმომავლობით კახური უნდა იყოს. გავრცელებული იყო თითქმის მთელ საქართველოში. არსებობს ორი სახეობა – დიდი და პატარა საფერავი. კახეთში გავრცელებული ყოფილა ასევე “განჯური საფერავი”. მოსავლიანობის, შაქრის დიდი შემცველობისა და საღებავის სიუხვით ძვირფას ვაზის ჯიშად ითვლება. საჭმელად ნაკლებად იხმარება, უპირატესად საღვინე ჯიშია. საფერავისგან დაყენებული წითელი ღვინო გამოირჩევა სურნელით, ფერითა და სიმაგრით. იყენებენ სხვა ღვინოების გაუმჯობესებისა და შეფერადებისთვის. დაძველების მიხედვით მისგან დაყენებული ღვინის მარკებია “საფერავი” (ერთ წლიანი), “ქინძმარაული” (ორ წლიანი) და “მუკუზანი” (სამი და ზევით).

საფერავი-ძველი ქართული ტექნიკური ჯიში. დამწიფების გვიანდელი ვადით ფოთლები დიდი მომრგვალო, სამფრთიანი. მტევანი საშვალო ან დიდი. კონუსური. მარცვალი საშუალო ან დიდი ოვალური. მუქი ლურჯი. რბილი კანით. წვნიანი რბილობით. პერიოდო დაკვირტვიდან ყურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე ხორნაბუჯის ტერიტორიაზე საშუალოდ 150 დღეა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3000 c პირობებში. მოსავლიანიბა 80-120ც/ჰა. ყინვაგამძლეობის თვალსაზრისით ყველაზე პირველია. ჯიში ნახევრადმდგრადია სოკოვანი დაავადებების მიმართ. განსაკუთრებული ადგილი აქვს საფერავს, სუფრის ნახევრადტკბილი ღვინის დასამზადებლად. საფერავის ჯიშის ღვინომასალა, ალექსანდროული ჯიშის ღვინომასალასთან ერთად გამოიყენება ნახევრადტკბილი ღვინის დასამზადებლად. რომელიც ხარისხით არ ჩანოუვარდება საქვეყნოდ ცნობილ ღვინის “ხვანჩკარა”.



ქისი

ქისი — ყურძნის ქართული ტექნიკური ჯიში. დამწიფების გვიანდელი ვადით. იგი ეკუთვნის შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ გეოგრაფიულ ჯგუფს. ფოთლები საშუალო. მარცვალი ოდნავ ოვალური. ძირითადად სამფრთიანი. მტევანი საშუალო, კონუსური ან ცილინდრო-კონუსური. მარცვალი საშვალო, ოვალური მომწვანო თეთრი ფერის. თხელი კანით, წვნიანი რბილობით. პერიოდი დაკვირტვიდან ყუირძნის ტექნიკურ სიმწიფემდე ხორნაბუჯის ტერიტორიაზე 140 დღეა, აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 2950c პირობებში. მოსავლიანიბა 55-80ც/ჰა. მდგრადობა სოკოვანი დაავადებების მიმართ, შედარებით სუსტია.



ჩხავერი

ჩხავერი – ქართული ტექნიკური ჯიში დამწიფების გვიანდელი ვადით იგი ეკუთვნის შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ფოთლები საშუალო, მომრგვალო სამფრთიანი, მტევანი საშუალო ცილინდრული. მარცვალი საშუალო, მუქი-წითელი, თხელი კანი, ხორციანი რბილობი. პერიოდი დაკვირტვიდან ყურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე, ხორნაბუჯის ტერიტორიაზე 218 დღეა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3880c პირობებში. მოსავლის აღება ხდება ნოემბერში. ჯიში მდგრადია ფილოქსერასადმი ზიანდება სოკოვანი დაავადებებით, განსაკუთრებით მილდიუთი. შაქრიანობა არანაკლებ 22%-ისა. ამავე ჯიშის ღვინომასალა რქაწითელისა და ჩინურის ჯიშის ღვინომასალებთან ერთად კუპაჟში გამოიყენება თეთრი ცქრიალა ღვინის დასამზადებლად.



ხიხვი

ხიხვი – ქართული ტექნიკური ჯიში დამწიფების გვიანდელი ვადით. ფოთლები დიდი, მრგვალი, სამფრთიანი. მტევანი საშუალო მომწვანო ყვითელი ფერის. გარჯული ლაქებით მზის მხარეს. რბილი კანით, წვნიანი რბილობით. პერიოდი დაკვირტვიდან ყურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე, ხორნაბუჯის ტერიტორიაზე 150დღეა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3100 c პირობებში მოსავლიანობა 60-80ც/ჰა. ჯიში მდგრადია ფილოქსერასადმი, ყინვაგამძლე და გვალვაგამძლეა. ნაკლებად ზიანდება მილდიუთი და ძლიერ ოიდიუმით. შაქრიანობა არანაკლებ 29%-ია. ეს ჯიში გამოიყენება, რქაწითელის მწვანეს ჯიშებთან ერთად კუპაჟში, მაღალხარისხიანი ღვინის, კახური ტიპის, “რქაწითელი ხორნაბუჯულის” დასამზადებლად.

суббота, 26 января 2013 г.

ქართული ღვინის ისტორია

ქართული ღვინის ისტორია
ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ იქნა ყურძნის წიპწები, რომელიც ძვ.წ. 7-6-ე ათასწლეულებს განეკუთვნება და ენეოლითური პერიოდით თარიღდება. 6-5-ე ათასწლეულებით ჩვენს ერამდე დათარიღდა ანაკლიის დიხა-გუძუბაში აღმოჩენილი წიპწები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ჯერ კიდევ ნეოლითის დროს, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში იცნობდნენ ვაზის კულტურას და მას საკმაოდ დიდი როლი ეკავა ადვილობრივი მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრებაში. ასევე ნაპოვნია კულტურული ვაზის უშუალო წინაპარი - გარეული ვაზი-კრიკინა (უზურვაზი), რომელიც დღეს წითელ წიგნშიც არის შეტანილი. ეს კი იმის მაჩვენებელიც არის, რომ გარდა ვაზის კულტურისა, მევენახეობის კულტურამ აქ ყველა მისთვის დამახასიათებელი საფეხური გაიარა.

გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ენეოლითის დროინდელი ძველისძველი მარანი, აქ ღვინის შესანახად გამოიყენებოდა უზარმაზარი, მიწით დაფარული თიხის ქვევრები. აგრეთვე აღმოჩენილია ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს ფიალები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ალაზნის ველის სამაროვნები (ძვ.წ. III-II ათას.). ამ მხრივ ძალიან მდიდარია მტკვარ-არაქსის კულტურის ქართული კერები. გათხრების შედეგად აღმოჩენილია მცხეთის რაიონის მახლობლად (ბაგინეთში) სხვადასხვა კერამიკული ჭურჭელი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. IV-III ათასწლეულებით. ბორჯომში ნაპოვნია 11, ვარძიაში კი - 100-მდე ქვევრი, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო ორმაგკედლიანი, თერმოსის მსგავსი, რაც თავისთავად უნიკალური მოვლენაა და მეტყველებს იმაზე, რომ მისი ავტორები კარგად იცნობდნენ ქიმიას, ფიზიკას და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.

ჩვენი მატერიალური მემკვიდრეობა აგრეთვე იცნობს: ყურძნის სახლავ სპეციალური დანებს, ღვინის დასაწურ მოწყობილობებს, თიხის და ლითონის ჭურჭელს, სხვადასხვა ფორმისა და სახის სასმისებს, ღვინის დასაყენებელ და შესანახ ქვევრებს და სხვა. ეს კულტურული კერები მდებარეობენ, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტიაზე. კერძოდ: შულავერი, მცხეთა, თრიალეთი, ბიჭვინთა, ალაზნის ველი, მესხეთი და სხვა. მეღვინეობის ამსახველი სხვადასხვა ორნამენტებიან ჭურჭელი აღმოჩენილია სამთავისში, იყალთოში, ზარზმაში, გელათში, ნიკორწმინდაში, ვარძიასა და საქართველოს სხვა რეგიონებში.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თრიალეთის კულტურა (ძვ.წ. III-II ათასწ.), სადაც უნიკალური ღვინის თასები , ბარძიმები, დოქები და სხვა სახის ჭურჭელია აღმოჩენილი. მათ შორის გამორჩეულია ვერცხლის ცნობილი თასი, რომელზეც გამოსახულია რელიგიური რიტუალი, რაც ღვინის თანხლებით სრულდებოდა და საკმაოდ მასშტაბური უნდა ყოფილიყო ორნამენტული კომპოზიციის მიხედვით. აგრეთვე აღსანიშნავია, ოქროს თასი, რომელიც მოპირკეთებულია სხვადასხვა სახის პატიოსანი თვლებით. ასეთი ბარძიმები უმთავრესად მათრობელისითხის - ღვინის დასალევად გამოიყენებოდნენ. ამაზე მიუთითებს მათ ზედაპირზე დალექილი ნარჩენებიც.


სრულიად ახლახანს (2006 წ.) მცხეთასთან აღმოჩენილ იქნა ”თამადის” პატარა ბრინჯაოს სკულპტურა, რომელიც ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისით დათარიღდა. ამ სკულპტურაში კაცის ქანდაკს ხელში უჭირავს ყანწი (ძველქართულად - ჯიხვი).

ვაზის კულტთან არის დაკავშირებული ქრისტიანობის გავრცელებაც საქართველოში. როცა წმინდა ნინომ, საკუთარი თმით ვაზისგან შეკრა ჯვარი და იმით უქადაგა ქართლოსის ნათესავთ ქრისტეს რჯული. საფიქრებელია, რომ ვაზის ჯვარი წარმართულ საქართველოშიც ღვთაებრივ სიმბოლოდ, საიდუმლოს ზიარად ითვლებოდა, რისი ჯვარად ქცევაც ერის სულიერების უმაღლეს ცოდნასთან ზიარების ნიშანი იყო. აღსანიშავია, რომ საქართველს გორდა, არც ერთ ქრისტიანულ ქვეყანაში არ არსებობს ”ვაზის ჯვრის კულტი”.


ღვინის დაწურვა დასავლეთ საქართველოში

დასავლეთის უმშვენიერეს რაიონ ჭიათურის სოფელ ცხრუკვეთში როგორ მიმდინარეობს რთველი: ეს სოფელი არის ტერიტორიით პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი ტყით და ორი მდინარით. ამ სოფელში შემოდგომის მოსვლა ყველას უხარია დიდსა თუ პატარას. ამ დროს იწყება რთველი, უფროსები იწყებენ ყურძნის მოკრეფას მათ სიხარულით ეხმარებიან ბავშვები. მოკრეფილი ყურძენი თავსდება საწნახელში, შემდეგ ოჯახის ერთ-ერთი წევრი აუცილებლად მამაკაცი შედის საწნახელში და წურავს ყურძენს. დაწურული ყურძნის წვენი ძალიან გემრიელია აგრეთვე სასიამოვნოა საყურებლად, როდესაც წვენი ისარნაში ჩადის ამის შემდეგ წვენს ათავსებენ ჭურში და ორი , სამი თვის შემდეგ ვღებულობთ ღვინოს.



















ყურძნის დაწურვა



















ყურძნის წვენი ჩადის ისარნაში
ჭურის გარეცხვა

წყარო : http://qartuligvino.blogspot.com/